ცენტრის შენობის ოფიციალური გახსნა

ცენტრის შენობის ოფიციალური გახსნა

6 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის შენობა ოფიციალურად გაიხსნა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი;
  • ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი სტუ-ის რექტორ-აკადემიკოსი, არჩილ ფრანგიშვილი;
  • ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (აშშ) ვიცე პრეზიდენტი, ლონა შტოლი;
  • ათასწლეულის გამოწვევა ფონდი-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე;
  • BP საქართველოს გენერალური მენეჯერი, კრის შლუტერი;
  • Festo Didactic-ის ევროპის რეგიონის გაყიდვებისა და საერთაშორისო ბაზრის მენეჯმენტის ხემლმძღვანელი, ანდრეა ჰარსთი;
  • საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროექტის მენეჯერი, ვიქტორ ბარამია.

სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები დღეიდან სწავლას ახალ, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე შენობაში გააგრძელებენ. მათ საშუალება მიეცემათ, პროფესიული უნარები უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში განივითარონ და დასაქმების ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს მაღალი სტანდარტების შესაბამისად დაეუფლონ. ახალ შენობაში სწავლების პროცესი მორგებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზეც.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს,პროფესიული კოლეჯების, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, სხვადასხვა ორგანიზაციისა და ბიზნესკომპანიის ხელმძღვანელი პირები, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები.

ტექნიკური გადამზადების ცენტრის (GTTC) შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და BP საქართველოს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მხარდაჭერილია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“-ს მიერ, პროექტის – „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ ფარგლებში. ცენტრის შექმნა მიზნად ისახავს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამების შეთავაზების გზით, საქართველოში პროფესიული განათლების გაუმჯობესება-განვითარებასა და მაღალი საერთაშორისო სტანდარტის დაწესებას. პროექტი ხორციელედება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, აშშ-ის და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის

ფარგლებში, 2 362 910 აშშ დოლარის ოდენობით.  ცენტრის პროექტის განვითარების მიზნით, საწყის ეტაპზე, BP – საქართველომ  600 000 აშშ დოლარის ოდენობის კონტრიბუცია გასწია, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდა FESTO-ს წარმოების ლაბორატორიების ნაწილის შესყიდვა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი პროექტში განხორციელდა 4.1 მლნ ლარის კონტრიბუცია, რითაც სრულად გარემონტდა სტუ-ის შენობა, რომელშიც  დღეს უკვე ცენტრია განთავსებული.

ტექნიკური გადამზადების ცენტრი, დღეის მდგომარეობით, უკვე სტუდენტების მესამე ნაკადს იღებს ოთხ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, როგორიცაა: მაღალიძაბვის ელექტროტექნიკოსი, სამრეწველო ავტომატიზაცია, მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი და მექატრონიკა. ოთხივე პროფესიული პროგრამა შემუშავებულია გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ წარმატებული კურსდამთავრებულები პროფესიულ დიპლომთან ერთად  გერმანულ სერტიფიკატსაც მიიღებენ.

ცენტრი ასევე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან და საწარმოსთან, როგორც მათ ბაზაზე სტუდენტებისთვის საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფის, ასევე, ბიზნესსექტორის საჭიროებებზე მორგებული მოკლევადიანი გადამზადების კურსების მომზადება-შეთავაზების მიმართულებით.