Erasmus+ პროექტი InnoCENS – სტუ-ს ინოვაციების კონკურსი

Erasmus+ პროექტი InnoCENS – სტუ-ს ინოვაციების კონკურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს “ინოვაციების კონკურსს” ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის InnoCENS პროექტის ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს სტუდენტებს (სწავლების ნებისმიერი საფეხური) თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნესპროექტებად აქციონ. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდური პრინციპით (გუნდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გუნდში ირიცხებოდეს მაქსიმუმ 3 წევრი).

კონკურსის მიზანია ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება, საუნივერსიტეტო გარემოში მეცნიერული კვლევის შედეგების კომერციალიზაციისადმი ინტერესის გაღვივება და იმ პირის (პირების) დახმარება, რომლებსაც ინოვაციური პროექტის იდეები აქვთ, მაგრამ მათ განსახორციელებლად არ გააჩნიათ საკმარისი ნოუ-ჰაუ და ფინანსური საშუალებები.

კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია:
–        კონკურსში მონაწილეების შერჩევა და მათთვის შესაბამისი სერტიფიცირებული ტრეინინგების ჩატარება;
–        ბიზნესიდეების განვითარება ინკუბაციის და მოდერაციის გზით, შესაბამისი კვალიფიკაციის ტრენერების მონაწილეობით;
–        კონკურსის ფინალური ეტაპის ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა.

სტუ-ს ინოვაციების კონკურსში გამარჯვებული 2019 ოქტომბრის დასაწყისში გაემგზავრება ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და მონაწილეობას მიიღებს InnoCENS პროექტის ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონკურსში. პირველ ადგილზე გასული, კონკურსში გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს და 2019 წლის დეკემბერში გაემგზავრება ასტანაში (ყაზახეთი) დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც პროექტის დასკვნით  ღონისძიებაზე გაიმართება.

პროექტი მთლიანად დაფინანსებულია ევროკომიისის მიერ, Erasmus+ პროგრამის InnoCENS „ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში“ (Enhancing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education) – პროექტის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ პროექტი InnoCENS წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (573965-EPP-1-2016-1-SE-EPPKA2-CBHE-JP) და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ანხორციელებენ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური (InnoCENS პროექტის კოორდინატორი საქართველოში), ხოლო პროექტი სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ეგიდით ტარდება (სტუ-ს ინოვაციების ცენტრი აღნიშნული პროექტის ინსტიტუციური განვითარების კომპონენტის გათვალისწინებით დაფუძნდა, სტუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით).

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი. ღონისძიება კოორდინაციაშია სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტთან.

დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წ. 24 თებერვალი.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუ-ს ინოვაციების ცენტრს (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223) ან სტუდენტურ თვითმმართველობას.

ელ.ფოსტა: innovations@gtu.ge
tvitmmartveloba@gtu.ge

ტელ.: 2 36 51 29